ახალი ამბები

„მიწის სისტემური რეგისტრაციის შემდეგ ახალი ტიპის გადასახადების დაწესება გამორიცხული არ არის“ – პაატა შეშელიძე

საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს.

თუ რა სარგებელს მოუტანს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მიწების სრულად რეგისტრაცია, ამ თემაზე „კომერსანტი“ ეკონომიკის ექსპერტს პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, ამ პროცესით შესაძლებელი გახდება მიწის ეკონომიკურ პროცესებში მარტივად ჩართვა, რაც მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს მესაკუთრეს, ვიდრე ეს მიწის მხოლოდ ფაქტობრივად ფლობას შეეძლო.

„ადამიანებს, ვინც ახლა იყენებს მიწებს და არ აქვთ რეგისტრირებული, საკუთრებაში გაფორმების შემდეგ გაუჩნდებათ უფრო მეტი საშუალებები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. მაგალითად, შეეძლებათ აიღონ სესხი, რომელიმე პროგრამაში ჩაერთონ, გააქირაონ, იჯარით გასცენ ან გაყიდონ მიწა. არსებობს სოფლის მეურნეობის ბევრი პროგრამა, რომელში ჩასართავადაც მსურველებს მიწის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ.

გარდა ამისა, უამრავი მიწა, რომელიც დღეს არ მონაწილეობს ეკონომიკურ პროცესებში იმის გამო, რომ გარკვეული არ არის მისი საკუთრების ფორმა. მომავალში შეიძლება გაიყიდოს ან იჯარით გაიცეს. მოხდეს მისი გამოყენება ეკონომიკური სარგებლისთვის. ასევე გაჩნდებიან ამ მიწაზე პასუხისმგებელი პირები. თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი იქნება, შეიძლება კონკრეტულ პირებს დაესვათ კითხვა, რატომ არ იყენებენ მას მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის. მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება გამოაცხადოს ინიციატივა, ჩართოს დაინტერესებული პირები და უმოქმედოდ არსებული მიწა გამოიყენოს კონკრეტული დანიშნულებით“, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებობს აზრი, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფოს ინტერესი უფრო დიდია, ვიდრე კონკრეტული მოქალაქეების. კერძოდ, პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლოა სახელმწიფომ მესაკუთრეებს გადასახადი დაუწესოს, მათი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფინანსური სანქციები დაეკისროთ ან მიწის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ.

„კომერსანტის“ კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრებაზე კონკრეტულად მიწაზე ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, ახალი ტიპის გადასახადის დაწესება, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არ არის.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უდიდესი ნაწილი საქართველოში დღეს არ იბეგრება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაიხედოს. ჯერჯერობით ეს გაცხადებული არ არის.

შესაძლოა არსებობდეს აზრი ამ კუთხით, რომ აღრიცხვისა და რეგისტრაციის შემდეგ, დაწესდეს გარკვეული ტიპის ახალი გადასახადი მიწაზე ან დაიბეგროს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის პროცესით და იქაური სტანდარტების გამოყენების აუცილებლობით გაამართლონ“, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ექსპერტის აზრით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწის სრულად რეგისტრაცია აქამდეც უნდა მომხდარიყო და სახელმწიფოს მხრიდან ეს რეფორმა დაგვიანებული, თუმცა მნიშვნელოვანია.

„ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო მუნიციპალიტეტის დონეზე, რადგან ის ფაქტი, რომ მიწები დიდი მოცულობით არ იყო რეგისტრირებული, კორუფციის რისკებს აჩენდა. მუნიციპალიტეტებს აქამდეც უნდა სცოდნოდათ რა ფართობის მიწა შედის მათ შემადგენლობაში და ვის ფაქტობრივ საკუთრებაში იყო.

დაურეგისტრირებელ მიწას, დიდი შანსია, რომ ვიღაც იყენებდა, იღებდა არალეგალურ შემოსავალს და შეიძლება სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აქამდე ეს პროცესი. ვიღაცებს ჰქონდათ გარკვეული სარგებელი ამ მოცემულობიდან.

რაც შეეხება მიმდინარე რეფორმას, იმედია ეს პროცესი ისე ჩატარდება, რომ არ იქნება გამოყენებული საარჩევნო მიზეზებით, არ იქნება მოქალაქეების მიმართ გარკვეული დაპირებების ჩამორთმევის ფაქტები, მაგალითად არჩევნებზე ხმის მიცემა და სხვა, მიწის რეგისტრაციის სანაცვლოდ. ცენტრალური ხელისუფლება ხომ არ იქნება გამოყენებული. საბოლოო ჯამში აუცილებელი, დაგვიანებული და მნიშვნელოვანი საქმეა, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა ექსპერტმა.