იმ ჯიშის ძაღლების დადგენილი ნორმების დარღვევით გამრავლება, რომლებიც მომეტებული რისკის კატეგორიაში შედიან, სანქციებს გამოიწვევს
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია.
კანონპროექტით მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული, კონკრეტულად: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.
ამასთან, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.