კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები კახეთში- TI
საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. აღნიშნულ საკითხზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებზე და მათ მიერ წლების განმავლობაში მიღებულ სარგებელზე.
ორგანიზაციის ცნობით, თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
„დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ამ კომპანიებმა ბოლო 10 წელში ჯამში 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს.
კახეთი / 421 000 000 ლარი
კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ 254 მილიონ ლარამდე შესყიდვები მიიღო 2013-2023 წლებში. მხოლოდ 2021-2023 წლებში ამ კომპანიამ მოიგო 152 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები, რომლის 32% უკონკურენტო გარემოში მოიპოვა.
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.
კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში 167 მილიონი ლარის შესყიდვები მიიღეს 2013-2020 წლებში.