ახალი ამბები

შსს – საქართველოში კიბერდანაშაული გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში კიბერდანაშაული გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში დაზარალებულთა მიერ სულ 999 შემთხვევის შეტყობინება მოხდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში კიბერდანაშაულის უდიდესი ნაწილი ფინანსური მანიპულაციის განხორციელების (ფიშინგის) მიზნით ხორციელდება, შესაბამისად პოლიციაში შეტყობინებები ძირითადად კიბერთაღლითობის მსხვერპლთა მიერ გაკეთდა.

კიბერდანაშაულის სტატისტიკა საქართველოში:

კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით – 892 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 53%;

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა – 95 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 30%;

კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა – 11 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 0%.

მთლიანობაში შესული საქმეები – 999 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 51%.

შედარებისთვის, 2022 წელს კიბერდანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 38% იყო, 2021 წელს კი მხოლოდ 20%, შესაბამისად ქართული სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით გაუმჯობესებულია.

თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ კიბერდანაშაული, განსაკუთრებით კი ფიშინგი ან ფიშინგის მცდელობა (მცირე თანხების შემთხვევაში) განეკუთვნება ისეთი კატეგორიის დანაშაულს, რომლის დროსაც დაზარალებულმა შესაძლოა არ მოახდინოს მისი შეტყობინება, რის გამოც შსს-ს სტატისტიკიდან ამ დანაშაულის სრული მასშტაბი არ ჩანდეს.