ახალი ამბები

თოვლმა თელავსა და ახმეტაში გადაადგილების პრობლემა შექმნა

კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში, თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის თქმით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა.

აღსანიშნავია, რომ ინტენსიური თოვლის გამო, შეწყვეტილი იყო თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები გადაადგილებიან ყველა მიმართულებით, გარდა ზუზუმბოს და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიისა. სოფელ ვარდისუბანში კი ტრანსპორტი, ამ ეტაპზე, მოძრაობს სოფლის ცენტრამდე. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გზის საფარის გაწმენდის სამუშაოები და უახლოეს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.