მიწის სისტემური რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები- ინტერვიუ იურისტ მარიამ ქებაძესთან
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით უფასოდ ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
აღნიშნული საკითხი კახეთში მცხოვრეიბ მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. როგორ ხდება მიწის სისტემური რეგისტრაცია და როგორ უნდა მოაგვარონ მოქალაქეებმა მასთან დაკავშირებული საკითხები, ამაზე ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, იურისტი მარიამ ქებაძე გვესაუბრება. ის აქტიურად უწევს კონსულტაციას აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებს.
მარიამ ქებაძე იმ კითხვებზე სცემს პასუხს, რომელიც მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ.
-როგორ ხდება მიწის აზომვითი სამუშაოები და ამისთვის ვის უნდა მივმართოთ?
თუ როდის უწევს თქვენს საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყება, ამ განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule.
-რას ვაკეთებთ თუ, ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა საამზომველო სამუშაოები, ისე რომ კონკრეტული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი დარჩა ასაზომი და დასარეგისტრირებელი?
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით ან/და იუსტიციის სახლში ვიზიტით, ვარეგისტრირებთ მოთხოვნას მარტივი განცხადების სახით, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მითითებით, გარკვეული რაოდენობის განცხადებების დაგროვების შემდეგ სააგენტო საველე სამუშაოებს განაახლებს. განცხადების დაწერა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://slr.napr.gov.ge/index/statement
იმ შემთხვევაში თუკი თქვენ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ დაირეგისტრირა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება სპორადული რეგისტრაციით საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზი, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, რის შემდეგაც სახელმწიფო მოახდენს თავისზე რეგისტრირებული მონაცემების კორექტირებას წარდგენილ ნახაზთან მიმართებაში.
-თუ პირის მიმართ რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
თუ ფორმის დაუცველი გარიგების საფუძველზე შეძენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, დადგინდა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ან იგი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირია, ასეთ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
-გასულ წლებთან შედარებით წელს რა სიახლეებია ამ მიმართულებით, რაც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ.
უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების დამოწმება კი 2023 წლის 24 ოქტომბრიდან, ახალ წესს ექვემდებარება და ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა ჯერ ნოტარიუსს უნდა მიმართოს. ასეთი გარიგება საჯარო სანოტარო აქტის ფორმით დამოწმდება, რის შემდეგაც, დაინტერესებული პირი სანოტარო წესით დამოწმებულ გარიგებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, იუსტიციის სახლში წარადგენს.
2023 წლის 01 დეკემბრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება. კანონი ამოქმედდება 26.03.2024 წლიდან და საჯარო რეეტრიდან ამონაწერში ცვლილების განსახორციელებლად წარსადგენი იქნება განცხადება 2 მეზობლის თანხმობით, რომ სახლი ან და დამხმარე ნაგებობა აშენებულია 01.12.2023 წლამდე.
2012 წლის მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება განპირობებულია იმით, რომ რეგისტრაციისას არ მომხდარა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოკვლევა. შესაბამისად, 2022-2024 წლის მიწის სისტემური რეგისტრაცია ეფუძნება რა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების კვლევასთან ერთად მეზობლების თანხმობას ნაკვეთის კონფიგურაციასა და მასშტაბთან მიმართებაში, არ ქმნის ვარაუდს რომ მომავალში ეს რეგისტრაციებიც დაექვემდებაროს გაუქმებას.