ლარის სესხები გაიაფდება
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას, ინფორმაციით, მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება.
„უნდა ითქვას, რომ პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო, მოსალოდნელზე უფრო მეტად დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს რა თქმა უნდა, ამას გავადევნებთ თვალს, ერთ-ერთი ნიშანი არის საკრედიტო აქტივობის ზედმეტად დაჩქარება თუ მოხდა, დღეს ეს არის მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ეს დაკავშირებულია მათ შორის ჩვენ პოლიტიკასთანაც“,– ამბობს თურნავა.
ამასთან, თურნავამ განმარტა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც.
“მიგრანტების ეფექტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო 2022 და 2023 წელს, ეს ასეა, თუმცა ჩვენ, ეროვნული ბანკი არასდროს ვუყურებდით ამ ფაქტორს, როგორც გრძელვადიანს. ეს იყო ფაქტორი, რომელმაც თავისით შეიტანა კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, შეიტანა ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ყოველგვარი კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები, რაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ დოზით არ მოხდებოდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც. ჩვენ ამას არასდროს მივიჩნევდით გრძელვადიან ფაქტორად, ერთჯერადია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომის მყისიერი ეფექტი მიგრანტების შემოდინება იყო, უკვე თანდათან მიილია, ეს სწორედ ამას ნიშნავს”,- აღნიშნა თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, „გზავნილები შემცირებულია მათ შორის რუსეთიდანაც“.