პური შესაძლოა გაძვირდეს
წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილის განცხადებით, იაფი ფქვილის იმპორტმა შეიძლება ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
მისი თქმით, საიმპორტო გადასახადი აბალანსებს რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს, რის შედეგადაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები აგრძელებენ მუშაობას, ხორბლის მწარმოებლებმა კი 2023 წლის ივნისიდან, 50 000 ტონა ხორბალი ჩააბარეს.
აცხადებს, რომ თუ ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 52 ლარს ასცდება, პური გაძვირდება.
,,ჩვენი შეთანხმება შემდეგნაირი იყო – 1 ტომარა 50 კგ-იანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი თუ არ იქნებოდა 52 ლარზე ზევით, საბოლოო პროდუქტის, იგივე პურის ფასი არ გაიზრდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფასი ძირითადად 50 ლარის ფარგლებში მერყეობდა და შესაბამისად, არ გაძვირებულა“.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან ამას კიდევ უფრო კარგი შედეგი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში და ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე დადებითად აისახება.