ახალი ამბები

წინანდალში მოქმედი კომპანია “ღვინის ქურდები”, 2025 წელს ქარხნების მშენებლობას გეგმავს

2024 წელსაც უფრო მეტი აქცენტი ექსპორტზე გვექნება, ხოლო 2025 წელს შეიძლება საუბარი იყოს უფრო მეტი ქარხნის მშენებლობაზე, – ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში იაპონიის ბაზარზე გასვლაც არის.

„პანდემიამდელი გეგმის ნაწილი იყო მარნის მშენებლობა, თუმცა ეს სტრატეგია შეიცვალა. მარანი არ აგვიშენებია, უბრალოდ უფრო გავაღრმავეთ პარტნიორობა ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორ მეღვინესთან, სადაც გავზარდეთ საწარმოო სიმძლავრე, გავაფართოვეთ მარანი და საჭირო ტექ.აღჭურვილობა. 2024 წელსაც უფრო მეტი აქცენტი ექსპორტზე გვექნება, ხოლო 2025 წელს შეიძლება საუბარი იყოს უფრო მეტი ქარხნის მშენებლობაზე.

ამ ეტაპზე, ჩვენი გაყიდვების დაახლოებით, 99% ექსპორტზე მოდის, ხოლო 1% ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე ვთანამშრომლობთ „8000 მოსავალთან“. საქართველოში ამჟამად აქტიური გაყიდვები არ გვაქვს, თუმცა გარკვეული ღონისძიებები იქნება. ჩვენ ადრე არ ვაქტიურობდით გამოფენებზე, საერთაშორისო კონკურსებში და ა.შ. თუმცა გასულ წელს ძალიან ჩართულები ვიყავით და ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მივიღეთ IWSC-ზე და “დეკანტერზე”. ეს უკვე საერთაშორისო აღიარებაა და ამით დასავლურ ბაზრებზე საექსპორტოდ კიდევ უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი. გვინდა იაპონიაში შესვლაც უბრალოდ ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და თანმიმდევრობა სჭირდება. 2024 წელი ამერიკის წლად გამოვაცხადეთ და ამერიკის ბაზარზე გასვლის შემდეგ გადავხედავთ ჩვენს სტრატეგიას და შესაძლებელია, ქართულ ბაზარსაც უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ“, – განაცხადა ზაზა ასათიანმა.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.