ახალი ამბები

ევროვიზია 2024-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გზით, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს 26 წლის მუსიკოსი შვედეთში დაგეგმილ კონკურსზე.

რიგით 68-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს. წლევანდელი ევროფესტივალის ნახევარფინალური შოუები 7 და 9 მაისს, ფინალი კი 11 მაისს გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო ევროვიზიაზე წელს უკვე მეთექვსმეტედ წარდგება. არცთუ ხანმოკლე მონაწილეობის მიუხედავად, ქვეყნის საუკეთესო შედეგად კონკურსზე მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს. ამასთან, შარშან საქართველო ზედიზედ მეექვსედ დარჩა ფინალს მიღმა.