ახალი ამბები

კახეთში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 2621 ფაქტი გამოავლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 3 111 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო.

,,2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის – 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 706, წიაღის უკანონო მოპოვების – 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 2621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1867 – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1648 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 – მცხეთა-მთიანეთში, 883 – შიდა ქართლში, 836 – ქვემო ქართლში, 786 კი – სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.