ახალი ამბები

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კახეთში, 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. იმ სააფუძვლით, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა, ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა, გია ფარადაშვილმაც.

თავად მამაკაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, მეუღლის ძმისშვილი, 13 წლის გოგონა გააუპატიურა.

მამამკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. გოგონას ბიძას, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაჭრა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 20 იანვარს შეუფარდა.

გამოძიება მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.