ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში, ასევე დაინტერესდება შემდეგი უწყებების დასაქმებულთა ქონებრივი დეკლარაციებით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“; საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია“; ცენტრალური საარჩევნო კომისია; „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი“, „საქართველოს განვითარების ფონდი“, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; საპენსიო სააგენტო; სატყეო სააგენტო; შემოსავლების სამსახური; თვითმმართველი ერთეულების მერები.
იხილეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვის ქონებრივ დეკლარაციასაც ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში შეამოწმებს.