თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, სამუშაოების დროს აღმოჩენილი შენობის ფრაგმენტებზე ფოტოებს ავრცელებენ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ფენის ქვეშ ძველი შენობის ფრაგმენტები ჩანს.
ფოტოების ავტორი, ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები სავარაუდოდ ძველი ხიდის არის.
“ეს ფოტოები დღეს გადავიღე, თელავის ერთ-ერთი შემოსასვლელია, რუსთაველის ქუჩა, მე ამ საქმის ექსპერტად ვერ გამოვდგები, თუმცა რასაც ვამჩნევ, აშკარად ძველი ხიდის ფრაგმენტებია, ხიდის ზემოდან შემდგომ რამდენჯერმე გადაგებული გზაა. თელავში ასევე მრავლად არის გვირაბებისა და აკვედუკების სისტემა, არ ვიცი რატომ არ ინტერესდებიან არქეოლოგები და ისტორიკოსები ამ ქალაქით, შეუძლებელია უკანასკნელი სატახტო ქალაქი, საოცრებებით არ იყოს სავსე.”– წერს ფოტოების ავტორი.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე გადაეცათ.
“ადგილზე მისული იყვნენ ძეგლთა დაცვის სააგენტო და ინსპექცია, ამ ეტაპზე გადაცემულია ეს საკითხი და მიმდინარეობს განხილვა”, – აცხადებენ მერიაში.