გაიცანით ქეთი მექერიშვილი გურჯაანიდან, რომელიც მინას ამუშავებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის
გურჯაანში მცხოვრები ხელოვანი, მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი მინას ამუშავებს და მისგან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, პანოებს, ყველის დაფებს, ვიტრაჟებს, მინისგან შექმნილ პეიზაჟებს და პორტრეტებს ამზადებს.
ქეთი აღნიშნული საქმიანობით 2003 წლიდან დაინტერესდა და 15 წელია დამოუკიდებლად საქმიანობს. საქართველოში თეორიული სწავლის შემდეგ, ევროპაში მიიღო ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კი ისევ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა.
ქეთი თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი გურჯაანში ჩამოვიდა და აქტიურად საქმიანობა დაიწყო. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
,,პროფესიით ვარ მხატვრული მინის დიზაინერი, დავამთავრე სამხატვრო აკადემია და ბაკალაბრის და მაგისტრის ხარისხიც მაქვს ამ მიმართულებით. გარკვეული პერიოდი ოჯახთან ერთად ევროპაში ვცხოვრობდი. ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმუშავე 2 წლის მანძილზე მთავარ დიზაინერად მინის სახელოსნოში, სადაც თეორული ცოდნის შემდეგ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგად ვისწავლე მინის სწორად დამუშავება. როცა საზღვარგარეთ ვიყავი, ვმუშაობდი ძირითადად ფრანგების და ამერიკელების ვილებზე, კერძო დაკვეთებზე და ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს მიწევდა. ამან დიდი გამოცდილება მომცა. 2011 წელს საქართველოში გადავწყვიტე წამოსვლა.
კონკრეტული საქმიანობის დაწყებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც იზრდები. მამა იყო დირიჟორი, ლოტბარი, დედა კი ფორტეპიანოს პედაგოგია. სწორედ ამიტომ, გარკვეული ბმები ყოველთვის იყო ხოლმე ხელოვნებასთან.
როცა საქართველოში ჩამოვედი, ყველფერი ნულიდან დავიწყე ჩემს მეუღლესთან ერთად. შევიძინეთ მინის გამოსადნობი დიდი ღუმელი და დავიწყეთ ნულიდან საქმე. დაახლოებით ვხვდებოდი რა უნდა მეკეთებინა, საქართველოში. მაშინ ამ საკითხზე ინფორმაცია ნაკლები იყო და ფერად მინას რომ ხედავდნენ იტალიური მინა ეგონათ’’,-აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ქეთი მექერიშვილი.
ქეთი განმარტავს, რომ ქართული მინა და მინაზე მუშაობა ბევრი წლის წინ პოპულარული იყო, თუმცა შემდეგ სახელოსნოები დაანგრიეს და მინაზე მუშაობაც დავიწყებას მიეცა.
სწორედ ამიტომ, ქეთიმ საკუთარი ნამუშევრების დამზადება ,,ქართული მინის“ ბრენდის ქვეშ დაიწყო და როგორც ის აღნიშნავს, ყველა ნამუშევარში ქართულ შტრიხებს შენიშნავთ.
,,საქმიანობის დაწყებიდან მინის ნივთებში დავიწყე ქართული შტრიხების გაჩენა, ქართული აივნები, ფასადები, ქართული მარანი, ყველაფერი ქართული. ეს საქმიანობა პოპულარული იყო წლების წინ, მაგრამ 90-იან წლებში დაანგრიეს მინის სახელოსნოები და ეს დარგიც მიივიწყეს. მე მიხარია, რომ შემეძლო ამ კუთხით რამის გაკეთება. ქართული შტრიხებიც ამიტომ გაჩნდა მინაში, რომ ბევრი ამბავი მოეყოლა ამ მიმართულებაში.
მინდოდა რომ ეს ნამუშევრები ყველასთვის ყოფილიყო ხელმწისაწვდომი და გამოსაყენები. მინას თითქმის ყველაფერში ვიყენებთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ისეთ ადგილებში უნდა ყოფილიყო საავტორო ნამუშევრების პატარა მაღაზიები, სადაც ბევრი ხალხი იქნებოდა. ამიტომ თავდაპირველად, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე გავაკეთეთ მაღაზიები. ასევე 2019 წელს ფალიაშვილზე გავხსენით სახელოსნო გალერეა და ამასობაში დაიწყო პანდემია.
ურთულესი გზა გამოვიარეთ, ყველაფერი დავიწყეთ საკუთარი რესურსით და ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. ბევრი მარცხი, დაკვირვება, შეცდომა, მერე გამოსწორება გამოვიარეთ, იგივე ხარისხის კუთხით, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს გზა სუფთად გავიარეთ მეტ-ნაკლებად. პანდემიის დროს იძულებული გავხდით გალერეა დაგვეხურა და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რადგან ყველა გაიქცა სოფლად, ჩვენც წამოვსულიყავით კახეთში, კერძოდ გურჯაანში. აქ, ტყესთან ახლოს, იდეალურ ადგილას იყიდა ოჯახმა სახლი. იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ვიმუშავო მშვიდად. თბილისიდან წამოსვლისას მეშინოდა, რომ იმ ადამიანებს დავკარგავდი, ვინც ამ საკითხით იყო დაინტერსებული, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მე წამოვედი და გამომყვა ყველა გულშემატკივარი’’,- აცხადებს ქეთი.
ამ ეტაპზე ხელოვანი მხოლოდ სახლში მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, შეკვეთებს ძირითადად ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით იღებს.
ქეთი ამბობს, რომ მასალა, რომელიც მაღალი ხარისხის არის, ევროპიდან შემოაქვს, შემდეგ ამუშავებს და ფერს და სასურვეკლ ფორმას აძლევს.
,,ამ დროისთვის ვაკეთებ სხვადასხვა ნივთებს მინისგან. მამამ ნარდი შემაყვარა და ამიტომ გადავწყვიტე მინისგან ნარდის გაკეთება, ასევე გავაკეთე დომინო და თითქმის ყველა თემა, რომელიც მინაში გადავიტანე, მიიღო საზოგადოებამ კარგად. მაგალითად: გავაკეთე ქართული ანბანი მინის პანოდ, რომელიც მაგრდება კედელზე, დღეს ეს ნამუშევრები ჰაიდელბერგშია ერთ-ერთ ქართულ რესტორანში. მას ხედავს არამარტო გერმანელი, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან იქ ჩასული სტუმრები და ეცნობიან. ასევე გავაკეთე ფიროსმანი და ქვევრი მინით. ზოგადად ღვინის თემას ძალიან აქტიურად ვაკეთებ მინაში. გარდა ამისა, ვაკეთებ ქართველი მსახიობების პორტრეტებს მინით. სულ ვცდილობ ისეთი თემები წამოვწიო, რომელიც ქართულ ფასს არ დაკარგავს. ვაკეთებ ყველაფერს რა შეკვეთაც იქნება, ხან მე ვთავაზობ იდეას, ხან თვითონ მაწვდიან. მაგალითად, ნარდი რომ გავაკეთე, ერთ-ერთმა შემკვეთმა დამირეკა და მთხოვა საგვარეულო გერბს ნარდზე ხომ არ გააკეთებდითო. დიდი რისკი იყო, მაგრამ გავაკეთე პირველი საგვარეულო გერბის ნარდი და ამას მოყვა მსგავსი სხვა შეკვეთები.
ამ ეტაპზე აღარ მაქვს არანაირი სივრცე თბილისში. ყველაფერს ვაკეთებ სახლში და გვაქვს საკურიერო მომსახურება, სხვადასხვა ფოსტის საშუალებით საზღვარგარეთაც ვაგზავნით. გვაქვს გამართული მიწოდების სერვისი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გვაქვს გვერდი და იქ ვდებთ ნამუშევრების ფოტოებს. როცა მსურველი ნახულობს, ხდება შემდეგ სასურველი ნივთის შეკვეთა.
რაც შეეხება სამუშაოდ მასალას, ის არ მოიპოვება საქართველოში. ყველაფერი ჩამოგვაქვს გერმანული ფირმიდან, საიდანაც მარაგდებიან მსოფლიოს ქალაქები. არსებობს თურქული და ჩინური მასალები, მაგრამ მას არ ვიყენებ. თუნდაც ვიტრაჟს რომ შევეხოთ, მე მაქვს ჩემი ხელწერა. ის არ არის კლასიკურად ოსტატის დამუშავებულის მსგავსი. მაგალითად ჩემს ვიტრაჟებში არის ჩემივე დამუშავებული ფერადი მინა.’’
ქეთის სამომავლო სურვილია გააკეთოს ნამუშევრების საავტორო გამოფენა. ასევე მას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს რომ გურჯაანში, საკუთარ სახლში გააკეთოს სახელოსნო, სადაც მსურველებს ჩასვლა და ქართული მინის დამუშავების ტექნოლოგიის გაცნობა შეეძლება.
Pingback: გაიცანით ქეთი მექერიშვილი გურჯაანიდან, რომელიც მინას ამუშავებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის - Shen