ახალი ამბები

ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება შესაძლოა ექიმს დაეკისროს

ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა სამინისტრო რეცეპტების მონიტორინგს ახორციელებს, სადაც საკვები დანამატებისა და ვიტამინები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება.

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ გახლავთ “სამკურნალწამლო” დანიშნულების. ეს არ არის კონკრეტული დაავადების სამკურნალო საშუალება. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის მედიკამენტებზე, არსებობს ასეთი გავრცელებული პრაქტიკა, რასაც სხვა ქვეყნებიც იყენებენ და არეგულირებენ ამ საკითხს (ჯერჯერობით კონსენსუსი არ არის მიღწეული საერთაშორისო დონეზე), ეს არის გამოწერების, რეცეპტების მონიტორინგი, რომელსაც ასევე ახორციელებს სამინისტრო. საკმაოდ ხშირია ამ ტიპის მედიკამენტების არსებობა რეცეპტებში. ამ კუთხით ანალიზი კიდევ უფრო აქტიური იქნება. შესაბამის სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრებს სამინისტრო ექიმებთანაც გეგმავს.

სამინისტრო არ ჩამორჩება მსოფლიო ტენდენციებს და თუკი რაიმე ხელჩასაჭიდი მექანიზმი არსებობს, რომელიც ამ პრობლემას ერთი რეგულაციით მოაგვარებს, ამ მიდგომას აუცილებლად გაითვალისწინებს.

ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესოა ე.წ „სანშაინ” აქტი, რომელიც საფუძველს აშშ-დან იღებს, ეს არის გამჭვირვალობის აქტი და თითოეული ექიმისა, თუ სამედიცინო პერსონალისთვის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ჩარიცხული თანხები, კონკრეტული მედიკამენტების რეალიზაციის სანაცვლოდ ( ან, თუნდაც არ იყოს რეალიზაცია და იყოს კონკრეტული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება), ამ ტიპის პროცედურებს ასაჯაროებს. ამაზეც არის მსჯელობები, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოშიც დაწესდეს და მეტად გამჭვირვალე გახდეს თითოეული სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების ნაწილი“,- განაცხადა ლელა სულაბერიძემ.