ახალი ამბები

შსს- 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, 1 887 223-მა რუსმა კი ქვეყანა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება.

რაც შეეხება მხოლოდ IV კვარტლის მონაცემებს, ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 376 362-მა თურქეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 351 885 თურქი გავიდა.

საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა, შემდეგ მოდის სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ 2023 წელს საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადები შეცვალა და ყოველთვიურის ნაცვლად, ყოველკვარტალურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, სტატისტიკაში პირველად გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტული ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო.

2023 წლის IV კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 4 609 381-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 67% უცხოელი იყო, 33% კი – ქართველი. შემომსვლელებიდან, 964 962-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 239 517 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა.

შსს-ს მონაცემებით, ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი – სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.