ახალი ამბები

“აწარმოე საქართველოს” ბიზნეს უნივერსალის პროგრამა გაფართოვდა

“აწარმოე საქართველოს” ბიზნეს უნივერსალის პროგრამა გაფართოვდა. ცვლილებები საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით არის განსაზღვრული და მის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვრიდან განახლდა.
• აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება – საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად:

„უ) აგროტურისტული ინდუსტრია არის ფერმერული მეურნეობა, სადაც დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით ხდება მეურნეობის ტერიტორიაზე დასახელებული ტურისტული მომსახურებიდან ერთ-ერთის შეთავაზება მაინც: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა. მეურნეობის აგროტურისტულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მისი განმახორციელებელი პირი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

უ.ა) საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;

უ.ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;

უ.გ) რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში;

უ.დ) საქმიანობა ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;“;

„ფ) ეკოტურისტული ინდუსტრია − ეკოტურიზმის სერვისთა ერთობლიობით შექმნილი ღირებულებათა ჯაჭვი, რომელთა შორისაც პრიორიტეტად მიიჩნევა და სავალდებულოა შემდგომი ტიპის მომსახურებებიდან ერთ-ერთის არსებობა:

− რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე);

არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც არის რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტიკური არქიტექტურის და განკუთვნილია განთავსების ობიექტად განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, ერთდროულად (დროის ერთ მონაკვეთში) მინიმუმ 8 სტუმრის გამასპინძლების შესაძლებლობით, მაქსიმუმ 10 სანომრე ფონდით;

− ტრადიციული რეწვის სახელოსნო საჩვენებელი, ტურისტული შეთავაზებით არსებული, მოქმედი სახელოსნო საქმიანობისთვის გამორჩეული სახასიათო ელემენტებით, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცე და ასევე არანაკლებ 5 ადამიანზე გათვლილი მასტერკლასის ჩატარების შესაძლებლობა;

− გაქირავების სერვისი − (მათ შორის, არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებები);

აღნიშნული მოიცავს ველოსიპედის, ცხენის, საწყალოსნო არამოტორიზებული ტრანსპორტის ნაირსახეობების, სეზონური ჩასაბმელი საშუალებებისა (მაგ.: მარხილი, ეტლი და ა. შ.) და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების ან/და სხვა აღჭურვილობის/ინვენტარის გაქირავებას, რომელიც გამოიყენება ბუნებაში გადაადგილებისას და ბუნების აღქმისა და დაკვირვებისათვის;

− საქმიანობა ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა.“;

• პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით – „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;

• „55.20.0 – დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;

• საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა – „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში გაჩნდა ჩანაწერი მიკრობანკების შესახებ. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიკრობანკი პროგრამაში მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით მონაწილეობს.