ახალი ამბები

,,ლოპოტა სპა რეზორტი“ სასტუმროს ახალ კორპუსს, ჯაზ კლუბსა და აკვაპარკს გახსნის

„ლოპოტა სპა რეზორტი“ 2024 წელს მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ივნისში სასტუმროს ახალი კორპუსი, ჯაზკლუბი და აკვაპარკი დაემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა სიახლეა არა მხოლოდ უშუალოდ „ლოპოტასთვის“, რეგიონული მასშტაბითაც, რაც ტურისტების მხრიდან სავარაუდოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს.

„საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მუშაობა დაწყებულია და მიმდინარე წელს ვგეგმავთ სასტუმრო კორპუსის გახსნას, რომელიც მოიცავს პრემიუმ კატეგორიის 80 ნომერს, ასევე აკვაპარკს, რომელიც უნიკალური იქნება საქართველოს მასშტაბით. ახალი ინფრასტრუქტურა მოიცავს კაბარე კლუბსაც, რომელიც არა მხოლოდ რეზორტისთვის, მთლიანად კახეთის რეგიონისთვის სიახლეა.

„ლოპოტას სპა რეზორტის“ შემადგენლობაში ეს იქნება ახალი სივრცე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებას მოვაწყობთ. ამდენად, ლოიალურ პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან მართავენ კორპორატიულ საღამოებს, საშუალება ექნებათ, რომ თავიანთი ღონისძიებები უკვე ახალ ობიექტზეც მოაწყონ. ამ მიმართულებით, დიდ ინტერესს ველოდებით, ახალი ობიექტები 2024 წლის ივნისში საზეიმოდ გაიხსნება,“ – ამბობს მაკა ღლიღვაშვილი.

ახალი ობიექტები სასტუმროს ტერიტორიის უკანა მხარეს ცალ-ცალკე განთავსდება. მთლიანად სასტუმროს ფართობის ჯამური მოცულობა 60 ჰექტარს შეადგენს.

„ლოპოტა სპა რეზორტის“კომერციული დირექტორი ახალ პროექტთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. თუმცა, აცხადებს, რომ სასტუმრო კომპლექსში დამატებით 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ ეტაპზე „ლოპოტა“ 400 ადამიანს ასაქმებს, აქტიურ სეზონზე მათი რაოდენობა 450-მდეა.

შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.