ყვარელში, ახალი განთავსების ადგილი „კუნძული“ სატესტო რეჟიმში მუშაობს
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბაზე, რამდენიმე თვეა ახალი განთავსების ადგილი „კუნძული“ სატესტო რეჟიმში მუშაობს.
ახალი ტურისტული ლოკაცია ქართულ-ლატვიური პროექტია, რომელიც €1.5 მილიონი ინვესტიციით კომპანია „ფერუს დეველოპმენტმა“ განახორციელა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიას ტბაზე „კუნძულის“ მოწყობის იდეა ბევრად ადრე, ტბასთან არსებული სასტუმრო „როიალ ბატონის“ მმართველი კომპანიის მენეჯმენტში გაჩნდა.
დღეს ობიექტის მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი ქეთი ამირბარი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ქართულ – ლატვიური კომპანიის მიერ პროექტის გადაბარება მალევე მოხდა და დღეს „კუნძული“ სრულად „ფერუს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია.
„კუნძულმა“ სატესტო რეჟიმში სტუმრების მიღება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, სრული დატვირთვით კი ოპერირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. პროექტი ილიას ტბის სანაპიროზე სამი სხვადასხვა კატეგორიის, ლაქშერი მიმართულების 9 სახლს აერთიანებს, რომლებიც დასვენებისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი და სულ მალე ადგილს კაფეც შეემატება.
როგორც „კუნძულის“ მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, საწყის ეტაზე სახლების დაჯავშნის მაჩვენებელი სწორედ ადგილობრივების მხრიდან ჭარბობდა. გასული პერიოდის განმავლობაში ლოკაციის მიმართ ინტერესს უცხოელი ტურისტებიც იჩენდნენ, რომელთა შორის არაბები გამოირჩეოდნენ.
მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „კუნძული“ აპრილიდან სტუმრებს სრული დატვირთვით მიიღებს.