ახალი ამბები

დედოფლისწყაროში წარმოებული ,,სადილი” აშშ-ს ბაზარზე შევა

„სადილის” ბრენდით წარმოებულ პროდუქტებზე 2023 წელს მოთხოვნა გაორმაგდა, სამომავლო გეგმაშია წარმოების ზრდა და საექსპორტო არეალის გაფართოება, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია საუბრობს.

რაც შეეხება კომპანიის მიღწევებს, ამიკო კალანდიას თქმით, ,,ჯეონატურალსის” საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესო წელია, როცა გამოწვევები ფაქტობრივად არ ყოფილა და უკვე 2024 წლიდან გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გაფართოების მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები.

,,2023 წელი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო. გარდა იმისა, რომ გავედით ექსპორტზე აზერბაიჯანში და ვგეგმავთ გლობალურ ბაზრებზე არეალის გაფართოებას, ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი. წელს მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვახდენთ ჯარის მომარაგებას ჩვენი პროდუქტებით. ამასთან გავხდით FSSC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გზას გვიხსნის მთელ მსოფლიოში, ხარისხის კუთხით ძალიან დიდი აღიარებაა. ქსელურ სუპერმარკეტებზეც გავაფართოვეთ წვდომა , რამაც დადებითად იმოქმედა გაყიდვებზეც. წინა წელთან შედარებით, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპს სამომავლოდაც შევინარჩუნებთ”, – ამბობს ამიკო კალანდია.

მისი ინფორმაციით, 2024 წელს ,,ჯეონატურალსი” დუბაის აგრარული პროდუქტების გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ გეგმას, ცნობილი ქართული ბრენდი მომავალი წლიდან აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში შევა.

შეგახსენებთ, რომ ,,ჯეონატურალსი“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.