ახალი ამბები

“ბადაგონი” კახეთში ორი ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს

კომპანია „ბადაგონი“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებით გეგმავს განვითარებას.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ BM.GE-სთან განაცხადა, კომპანია ამ ეტაპზე დედაქალაქში 1 სასტუმროს ფლობს და ამ მიმართულებით ახალი ობიექტების გახსნას გეგმავს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კახეთში, ალავერდის მონასტრის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 1 სასტუმრო, რომელიც კახეთში, შუამთაში უნდა აშენდეს, ნებართვის გაცემის პროცესშია.

„ალავერდის მონასტრის გვერდით მდებარე ახალი სასტუმრო 38 ნომრისგან იქნება შემდგარი და მომავალი წლის ნოემბერში გაიხსნება. მისი ჯამური ინვესტიცია 12 მლნ ლარი იქნება და „ალავერდი რეზორტის“ ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს. სასტუმროს მშენებლობა 2 წელია მიმდინარეობს და ვვარაუდობთ, რომ მესამე წელს გაიხსნება. ეს იქნება პილიგრიმული სასტუმრო, რომელიც მისი მდებარეობიდან გამომდინარე (თუშეთისა და აღმოსავლეთ კახეთის კვეთაზე იქნება განთავსებული) როგორც მლოცველების კუთხით, ისე ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის იქნება საინტერესო,”-აცხადებს სალაყაია.

გარდა ამისა, მესამე სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება, რომელიც კახეთში, შუამთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული და სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვლიდან ყველა მიმდინარე ბიუროკრატიული პროცესი იქნება დასრულებული. სასტუმრო 48 ნომრისგან იქნება შემდგარი და მისი ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარის ოდენობით იქნება განხორციელებული. სასტუმრო “შუამთა რეზორტის” ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს და ის 3 წლის ვადაში აშენდება.

აღსანიშნავია, რომ ორივე სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. ორივე სასტუმროში ჯამში 100 ადამიანის დასაქმება იგეგმება და რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი იქნება