კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, 50 ათასი აბონენტიდან, რომელთაც უამინდობის გამო ელექტროენერგია შეწყვეტილი ჰქონდათ, 42 ათას აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდება.
„ჩვენი ამოცანაა, ღია ცის ქვეშ ახალს წელს არცერთი მოსახლე არ შეხვდეს. მიმდინარეობს ისეთი სახლების დადგენა და დათვლა, რომლებსაც ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, რათა დროულად მოხდეს დახმარება. რაც შეეხება თანხების მობილიზებას, როდესაც დაითვლება და ზარალის მასშტაბი გვეცოდინება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – მუნიციპალიტეტის სახსრებით მოხდება აღდგენით სამუშაოები თუ ცენტრალური ბიუჯეტი დაგვეხმარება“ – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ალადაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში სამასამდე საცხოვრებელ სახლს და სხვადასხვა შენობას გადახადა სახურავი, დააზიანა ავტომობილები, წააქცია მრავალწლოვანი ნარგავები, მოტეხა ელექტროგადამცემი ბოძები და დაწყვიტა სადენები. თელავის მუნიციპალიტეტში ქარმა დააზიანა მესამე სკოლისა და ვარდისუბნის კულტურის სახლის სახურავი, სახურავის გარეშეა დარჩენილი თელავის უნივერსიტეტის ორი კორპუსი. მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის.