კახა სუხიტაშვილი- თელავის საკრებულომ 900 წლიანი ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოაცხადა
მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებელი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მის ინიციატივაზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 900 წლიანი ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა.
მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მოხდა ღონისძიებათა გეგმის შემუშავება შესაბამისი ბიუჯეტით.
,,გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი 900 წლიანი ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა. ასე დაგვირგვინდა ჩემი თითქმის სამ წლიანი არც თუ ისე ხმამაღალი ბრძოლა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შევიმუშავეთ ღონისძიებათა გეგმა შესაბამისი ბიუჯეტით. ამასთან ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა თინიკო ხანჯალიაშვილს და ლიკა ალადაშვილს იდეური და ტექნიკური მხარდაჭერისათვის. ასევე ზურა სახიაშვილს გვერდში დგომისთვის. მადლობა ყველა საჯარო თუ არასაჯარო პირს ვინც გვერდში დამიდგა ამ საქმეში”,– აცხადებს კახა სუხიტაშვილი.
მისივე თქმით, თელავის ჭადარი აღრიცხულ ხნოვან ხეებს შორის უხუცესია და სწორედ ეს ფაქტიც მიუთითებს მისი დაცვის განსხვავებული რეჟიმის აუცილებლობას.
,,ჭადარი წარმოადგენს ქალაქ თელავის ესტეთიკური მთლიანობის განუყოფელ ნაწილს. ჭადრის როგორც ტურისტული ღირშესანიშნაობის ღირებულება მეტად თვალსაჩინოა და ქალაქის ერთერთი სავიზიტიო ბარათია. მისი დღევანდელი როლი ქალაქ თელავის მაცხოვრებლებთვის სრულიად თვითკმარია. ჭადრის ლოკაცია არის ისტორიული ღირებულების მქონე, სადაც არაერთი ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანი ყოფილა სტუმრად. შესაბამისად მისი სიმბოლური დატვირთვა მოითხოვდა მის შენარჩუნებას და ქალაქის ისტორიის უკვდავყოფას”,- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.
კახა სუხიტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება ჭადრისთვის, არის მომავალი თაობებისთვის მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გადაცემის ერთ-ერთი გამოხატულება.
,,ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ კულტურული და/ან ისტორიული დატვირთვის მატარებელია, არამედ ის არის მომავალი თაობებისთვის მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გადაცემის ერთ-ერთი გამოხატულება და მაგალითის მიმცემი. ეს ასევე წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ და კულტურულ არამედ მიზანმიმართულ გარემოსდაცვით აქტს.”
კახა ასევე განმარტავს, რომ ჭადრისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება იქნება პრეცენდენტული და მაგალითის მიმცემი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
,,თელავის ჭადრისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება იქნება პრეცენდენტული რამეთუ შესაძლებელია საქართველოს სხვა თვითმმართველმა ერთეულებმაც საზოგადოებასთან ერთად ადგილზე მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, სტატუსის მინიჭება გაზრდის კულტურული, სამეცნიერო ასევე, ტურისტული ინსტიტუციების ინტერესს რაც თავისთავად ქალაქის პრესტიჟისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება”,– აღნიშნავს კახა.