ცაცია ოსტატი- ხის სათამაშოების და სუვენირების საწარმო დედოფლისწყაროდან
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის „ცაცია ოსტატი“ ხის საწარმო ამოქმედდა, სადაც ხისგან სხვადასხვა სახის სათამაშოები და სუვენირები მზადდება.
ამ დროისთვის საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც ყოველთვიურად 4000 ერთეული სათამაშოს დამზადებას ახერხებენ. საწარმოს დამფუძნებელი შოთა შანშიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, სწორედ ამან გადააწყვეტინა საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა.
,,დავიბადე ქალაქ დედოფლისწყაროში, დავამთავრე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი, 2002 წელს. 12 წლის ასაკიდან დავიწყე ხის სახელოსნოში შეგირდად მუშაობა, ვიმუშავე სხვადასხვა საწარმოებში, როგორც ხის ოსტატის პროფესიით, ასევე საწარმოოს ხელმძღვანელის პოზიციებზე. მთლიანობაში, ხის ინდუსტრიულ წარმოებაში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს.
ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა ჩემი წარმოება, სადაც შემეძლებოდა ხის სათამაშოების დამზადება. საქმის გასაგრძელებლად კი სტიმული მომცა ჩემმა პირველმა ქალიშვილმა, სალომემ, რომელიც სულ მამის ემიგრაციიდან დაბრუნებას ელოდებოდა. პირველი სათამაშო იყო ვეტმფრენი, რომლითაც მამა ემიგრაციიდან დაბრუნდა’’,– განუცხადა knews.ge-ს შოთა შანშიაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმემ რამდენიმე თვის წინ, წარმოების გასაფართოვებლად, საგრანტო კონკურსებში მიიღო მონაწილეობა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია.
შოთა შანშიაშვილი აცხადებს, რომ საწარმოში ამ დროისთვის 5 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიის პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
,,10 წელი ვიყავი ემიგრაციაში და ასე შევძელი ფინანსური რესურსების მოძიება. ასევე, საწარმოს ფართის შეძენა და დაზგა-დანადგარებთ აღჭურვა. პირველად საწარმო მოწყობილი მქონდა საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში. ეს იყო პანდემიის დროს. შემდეგ კი მოვიპოვე UNDP -ს გრანტი, სოფლის მეურნეობის სააგენტოსგან, საწარმოს გასაფართოვებლად. ამჟამად საწარმოს ყავს 5 თანამშრომელი.
პროდუქციას ვყიდით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. ჩვენი დამკვეთი კი არის კომპანია “ქართული თემა”, რომელიც აწარმოებს ბავშვების სიურპრიზ ყუთებს, როგორებიცაა კოშკი და პირამიდა. ისინი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მაღაზიაში იყიდება. ყოველთვიურად ვაწარმოებთ 4000 ერთეულ სათამაშოს’’,- აცხადებს შოთა.
მისი თქმით, სათამაშოების მოდელებს თავად ქმნის. იგი ასევე განმარტავს, რომ სამუშაოდ საჭირო მასალის ადგილზე შოვნა მათთვის გამოწვევაა.
,,თავად ვქმნი სათამაშოების მოდელებს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წლის თებერვალში მონაწილეობა მივიღეთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში. 2024 წლის გამოფენაზეც ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება ნედლეულს, ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ხის მასალები არ არის სერთიფიცირებული.
საქართველოში მიმდინარეობს ტყის მართვის რეფორმები, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ ადგილობრივი სერთიფიცირებული ნედლეული. 2024 წლის გამოფენაზე თუ შევძელით კლიენტების მოზიდვა, ალბათ, სერთიფიცირებული ნედლეულის იმპორტს განვახორციელებთ.
ჩვენი მიზანია ვაწარმოვოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია, საშუალო ხარისხის სათამაშოების წარმოების შემთხვევაში, ვერ ვუწევთ კონკურენციას ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქციას’’,- აცხადებს მეწარმე.
მისი თქმით, კომპანია უახლოეს მომავალში ხის სათამაშოების და სუვენირების ექსპორტზე გატანას გეგმავს.