არასრულწლოვანის მშობიარობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
გოგონა კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს. გოგო სწორედ ამ თავშესაფარში ცხოვრობდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო წარმოშობით შიდა ქართლიდანაა. ბავშვის 26 წლის, სავარაუდო მამა კი კახეთიდან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გოგოს ოჯახი გასულ წელს კახეთში დღიურ სამუშაოებზე ჩავიდა, სადაც მათ სახლი იქირავეს. არასრულწლოვანმა 26 წლის კაცი იქ გაიცნო. კაცის დედა კი ჟურნალისტებთან პირად საუბარში ადასტურებს, რომ მისი შვილი არასრულწლოვანთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის კაცი პოლიციას ჯერჯერობით არ გამოუკითხავს და არც დაუკავებია.