დანერგე მომავლის პროგრამის ფარგლებში 22 000 ჰექტარი ახალი ბაღია გაშენებული
2023 წელს გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში 600 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დანერგე მომავლის პროგრამის ფარგლებში 22 000 ჰექტარი ახალი ბაღია გაშენებული.
„ამ პროგრამაში მონაწილეობის კუთხით მოსახლეობის მხრიდან ინტერესი ყოველწლიურად მზარდია. ამასთან არაერთი ხელშემწყობი პროგრამა ხორციელდება, რომელიც მიმართულია მწარმოებლურობის ზრდისკენ. მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები. მაგალითად, რიცხვებით რომ ვისაუბროთ აგროკრედიტის პროგრამაში ჯამში 46 000 ბენეფიციარია ამ დროისთვის ჩართული.“-აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, 46 000-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
„ამასთან, პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაფინანსებულია 240 საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. რაც დამატებით ღირებულებებს ქმნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისთვის. ჯამში, 140 ათას ტონა პროდუქტზეა გათვლილი ეს ინფრასტრუქტურა.“-განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

