ყვარელში მოქმედი მეღვინეობა „მ7“ ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა
მეღვინეობა „მ7“ 2024 წელს, საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.
როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი, ბექა კოკაია BMG-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე, მათი პროდუქცია ექსპორტზე ლიეტუვაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ფინეთსა და გერმანიაში გადის. მიმდინარე წელს კი, მოლაპარაკებები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ქვეყნები ამჟამად არ საჯაროვდება.
მისივე ინფორმაციით, მეღვინეობა მცირე მარნების კატეგორიას მიეკუთვნება და წლიურად 5500 ბოთლს აწარმოებს, რომელთა 50% ექსპორტზე გადის.
„ამ ეტაპზე, ბრენდის ქვეშ 7 სახის ღვინო გვაქვს – მუსკარი, ხიხვი, მცვივანი, მწვანე, შარდონე (თეთრი, მშრალი), ვარდისფერი რქაწითელი და შარდონე (ქარვისფერი, ნახევრად მშრალი). მისი მოცულობები წლიდან წლამდე 10-15%-ით იზრდება.
ჩვენი ღვინო 8000 მოსავალში და 20-მდე ღვინის ბუტიკსა თუ რესტორანში, ასევე ბარებშიც იყიდება. უფრო ისეთ ადგილებში, სადაც მცირე მარნის დაფასება ხდება და ბევრი ტურისტი აქტიურად დადის.
მეღვინეობაში 5 ადამიანი ვართ დასაქმებული და ჯერჯერობით კვალიფიციური კადრის პრობლემა არ გვაქვს. ამასთან, რთველის დროს მოკლევადიანი რამდენიმე თანამშრომელი გვემატება ხოლმე,“-აცხადებს კოკაია.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ ეტაპზე თბილისის გარდა ღვინო ქუთაისში, ბათუმისა და კახეთის რამდენიმე სასტუმროში იყიდება.
გარდა ამისა, მეღვინეობამ ცოტა ხნის წინ ღვინის ბარი „დროშები ჩქარა“ დააფუძნა, რომელშიც გარდა საკუთარი ღვინისა, მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინოების რეალიზაცია ხდება. ამ დროისათვის ბარში 50-ზე მეტი ჯიშის ღვინომ მოიყარა თავი. ბარი თბილისში, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი სტუმრების 60% უცხოელია.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „მ7“ -ის ვენახები ყვარელშია გაშენებული, სოფელ ახალსოფელში, ქინძმარაულის მიკროზონაში და მარანიც იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს.