ახალი ამბები

IFC: საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის 30% უმუშევარი ან არააქტიურია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის საქართველოს კერძო სექტორის დიაგნოსტიკური კვლევის თანახმად, სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის 30% ამჟამად უმუშევარი ან ეკონომიკურად არააქტიურია.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სამუშო ძალა დიდწილად აუთვისებელია. მაღალი უმუშევრობისა და დაბალი სამუშაო ძალის მონაწილეობის (LFP) დონის შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელი 41.1%-ით განისაზღვრება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროკავშირის 69.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ეს, თავის მხრივ, მიანიშნებს იმასაც, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეროვნული კეთილდღეობის შექმნაში არ მონაწილეობს.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ დასაქმება გასული ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 1%-ზე ოდნავ მეტად იზრდება. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 69%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც რეგიონში, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

მიზეზებზე საუბრისას კვლევა ორ ძირითად გარემოებას გამოყოფს: მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და კომპანიის მოთხოვნებისა და სამუშაო ძალის უნარებს შორის აცდენა.

საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი სამუშაო ადგილების უმეტესობა შედარებით საბაზისო პროფესიულ უნარებს მოითხოვს. ანგარიშში მოყვანილია კადრებზე ბიზნესის მოთხოვნის 2020 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 3-დან მხოლოდ 1 სამუშაო ადგილი იყო ისეთი, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვდა.

მეორე მხრივ, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. კერძო სექტორის 42.5%-სთვის შეუსაბამო განათლების მქონე სამუშაო ძალა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. მაშინ როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კომპანიების მხოლოდ 24.8% ასახელებს ამ მიზეზს ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად.

კვლევა განათლების სფეროს მიერ შეთავაზებულ უნარებსა და კერძო სექტორის მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობას, ცალსახად ასახელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემაფერხებლად. ასე მაგალითად, მაგისტრის ხარისხის მქონე სამუშაო ძალის დაახლოებით 40% და ბაკალავრის დიპლომის მქონე დაახლოებით 50% იმაზე მაღალ კვალიფიკაციას ფლობს, ვიდრე იმ საშუალო და დაბალი დონის პოზიციებისთვისაა საჭირო, რომლებზეც საქმდებიან.

კვლევა არსებული სიტუაციის მოგვარების გზად დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, განათლების სისტემის გარდქმნას მიიჩნევს.