ქართული ჩირი შესაძლოა, მალე კოსმოსში ვიხილოთ
ჩირის მწარმოებელი კომპანია Caucasus Organic Fruits აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კოსმოსურ სადგურებთან და უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩირით კოსმონავტებმაც წაიხემსონ.
კომპანია 15 სახეობის პროდუქტს ყოველგვარი დანამატების გარეშე აწარმოებს. იმისათვის, რომ წარმოება უდანაკარგოდ წარიმართოს, მორჩენილი პროდუქტით ისინი ქმნიან ტყლაპს და ასევე, ქლიავის კურკით აწარმოებენ ზეთებსა და სხვადასხვა პროდუქციას.
როგორც Caucasus Organic Fruits-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნათია ბლიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, ისინი ძირითადად ქართული ჩირის ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიამ გლობალური ბაზრის პარალიზება გამოიწვია, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მათ აქტიურად დაიწყეს ქართული ბაზრის ათვისებაც.
„ჩვენი ჩირი უკვე იტესტება კოსმოსური სადგურებისთვის და 2024 წელს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული Nasa-სთან. ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებზეც და სრულიად შესაძლებელია, რომ ქართული ჩირი კოსმოსში ვიხილოთ.
აქამდე ჩვენი პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადიოდა, მაგრამ კოვიდ პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ვცდილობთ, რომ ქართული ბაზარი სრულად ავითვისოთ და შიდა წარმოებისთვის უკვე შეფუთვის დამზადებაც დავიწყეთ“, – განაცხადა ნათია ბლიაძემ.