ახალი ამბები

თელავის აეროპორტის განვითარებისთვის 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალი, წელიწადში, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით კი მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.

“სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა. ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი უკვე გამოცხადდა. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10 – წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

,,მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე. წინადადებების მიღება 23 დეკემბერს დაიწყება და 28 დეკემბერს დასრულდება”,– აღნიშნულია განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის მოწყობა 2024 წელს მოხერხდება და ფრენების დაწყებაც მომავალ წელს იგეგმება. თავდაპირველად შიდა ფრენები შესრულდება. ქუთაისში, ბათუმსა და მესტიაში. ასევე დაგეგმილია, რომ აეროპორტი ჩაერთვება სუბსიდირების პროგრამაში. ამის პარალელურად კი ჩატარდება კვლევები, რამდენად აქვს თელავის აეროპორტს საერთაშორისო რეისების მიღების პერსპექტივა.

,,ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე ამბროლაურთან და მესტიასთან, სადაც იცით, რომ საკმაოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააჩნია სახელმწიფოს და ასევე ბათუმთან. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ტურისტს ერთი დღის განმავლობაში შეუძლია საზღვაო კურორტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გასტრო ენეოლოგიური კურორტი მოინახულოს. ასევე ძალიან საინტერესო ადგილებს ეწვიოს მთაში, იგივე მესტიაში. შიდა რეგულარული რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურისტს ასევე შიდა ავიაციის განვითარებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 2012 წელს გაიხსნა. გასულ წლებში, აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის : Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.

,,აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან”,– განაცხადა ,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის’’ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით ტეფნაძემ.