ახალი ამბები

მოსახლეობის 16% სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახალ სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქალაქეთა პოზიციებს ასახავს.

NDI-მ მოქალაქეებს ჰკითხა თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ემიგრაციის შესახებ და იცნობენ თუ არა ადამიანებს, ვინც ბოლო 12 თვეში ემიგრაციაში წავიდა. გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი მათი რაოდენობა ვინც ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე და ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს.

კითხვაზე რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვეში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ პასუხები ასე ნაწილდება:

მოსალოდნელია – 16%;
არ არის მოსალოდნელი – 80%;
არ ვიცი – 3%.
“ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია,”- ნათქვამია NDI-ის კვლევაში.

უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები (65%) და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა (56%).

ამასთან გამოკითხულთა 80% ამობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს, ემიგრაციის დადებით გავლენაზე მოსახლეობის 15% საუბრობს.

სოციოლოგიურ კვლევაში ყველაზე მეტი მოქალაქე წამყვან ეროვნულ პრობლემებს შორის უმუშევრობას; ინფლაციას და დაბალ ხელფასებს ასახელებს.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.