ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

ჩემპიონატის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

სამართლის სპეციალობის სხვადასხვა კურსის წარმომადგენლებისგან შემდგარი, ბრალდებისა და დაცვის მხარე, ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისგან შედგენილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე, ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროცესს, ფასილიტატორების სახით, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ლადო ბექიშვილი და თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი, ლედი კორძაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გუნდები უნდა შეაფასონ.

რეგიონის ორი და თბილისის ორი უნივერსიტეტიდან გამოვლენილი გუნდი, კვალიფიციური ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე, ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს. ჩემპიონატში საქართველოს 12 უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტის დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ასეთი მასშტაბით, საქართველოში პირველად ტარდება. პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე ფორმატში განხორციელდება, სამომავლოდ კი, ჩემპიონატი ყოველწლიურად გაიმართება.
ჩემპიონატი ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს პროკურატურა და საქართველოს უზენაესი სასამართლო.