კახეთში 54 უსახური შენობის დემონტაჟი მოხდება
5 მლნ ლარი უსახური შენობების დემონტაჟისთვის – ქონების ეროვნული სააგენტო სამუშაოების ჩასატარებლად გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, რომლებიც ამახინჯებს გარემოს ან/და სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე ჩატარდება.
დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 471 ობიექტის დემონტაჟი, მათგან ყველაზე მეტი 174 უსახური შენობის დემონტაჟი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოხდება. გურიაში 76 ასეთი შენობაა, კახეთში 54, სამეგრელო, ზემო სვანეთში – 65 და ა.შ
ნანგრევებად ქცეული, უსახური შენობები დემონტაჟის გადაწყვეტილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში მიიღო. 27 თებერვალს მთავრობამ მუნიციპალიტეტებს მისცა უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.