მიიღეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება – მეღვინეების წერილი ევროკავშირის ელჩს
საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავენ.
“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს”, – ამ სათაურის წერილით, რომელსაც 178 მეღვინე აწერს ხელს, ისინი ევროკავშირს სთხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
“ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში – ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში”, – ნათქვამია წერილში.
მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ათწლეულების მანძილზე, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”.
“ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ღვინომ რუსეთის ემბარგო იწვნია და ღვინისა და ყურძნის წარმოების სექტორები სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დადგა, სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა წარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და „ქართული ღვინის“, როგორც ბრენდის რეფორმაზე. ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.”, – აცხადებენ მეღვინეები.
მათივე სიტყვებით, ქართულ ღვინოს სჭირდება დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები:
“დარგის მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეთათვის ფინანსებზე წვდომის თანასწორი შესაძლებლობები, ხარისხიანი განათლება და კოოპერაციული კულტურის გამომუშავება მეწარმეების გაძლიერების მიზნით, რაც მთავარია, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება და სანაცვლოდ ექსპორტის გაზრდა სტაბილური ეკონიმიკისა და ღვინის მაღალი სამომხმარებლო კულტურის ქვეყნებში”.
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.