ეტიკეტზე „ქართული ბრენდის“ გამოყენებისთვის რეგულაციის გამკაცრება გადავადდება
ეტიკეტზე „ქართული ბრენდის“ გამოყენებისთვის რეგულაციის გამკაცრება გადავადდება. ახალი მოთხოვნის 2028 წლამდე გადავადებაზე მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა.
კანონით, 2024 წლის 1 იანვრიდან კომპანიებს ალკოჰოლური სასმლის ეტიკეტზე „ქართული ბრენდის“ გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში შეეძლებოდათ, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან იქნება დამზადებული. დღეისათვის ნებადართულია ეტიკეტზე „ქართული ბრენდი“ მიეთითოს, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული.
„აღნიშნული ცვლილება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საწარმოო პოლიტიკა გონივრულ ვადაში შეცვალონ და საჭირო ღონისძიებები გაატარონ, რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება კომპანიებს არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ, რამაც დარგის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სპირტიანი სასმელების მწარმოებლების ინიციატივით კი, ცვლილების ამოქმედებამდე „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიურად 5%-ით ზრდა, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს დაბალანსებულად, ეტაპობრივად განახორციელონ რეფორმა. აღნიშნულის რეგულირება კი განხორციელდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.