სალომე ზურაბიშვილი თელავში, ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა
პრეზიდენტის ინციატივის ,,ჩვენი ხმა ევროპას!” კამპანიის ფარგლებში 28 და 29 ნოემბერს კახეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეხვედრები დაგეგმილია კახეთის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში, მათ შორის, თელავში, ყვარელსა და სიღნაღში.
დღეს პრეზიდენტი თელავში, „მედია ცენტრი კახეთის“ MCK ოფისში, ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ინციატივაზე ,,ჩვენი ხმა ევროპას” ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამისთვის როგორც ქვეყნის მმართველებმა, ასევე მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. მან ასევე მოქალაქეებს მოუწოდა მოაწერონ აღნიშნულ პეტიციას ხელი, რათა ყველას ხმა გაიგონ ევროპელმა ლიდერებმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. 15 დეკემბერს კი, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს, საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.