რა საფრთხეს წარმოადგენს ხეხილისთვის ლოკოკინა და რატომ გაიზარდა მისი პოპულაცია წელს
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში წელს ლოკოკინების პოპულაცია საგრძნობლად არის გაზრდილი. ისინი გვხვდებიან როგორც მცირე ბოსტნებში, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ექსპერტების თქმით, ლოკოკინები აზიანებენ როგორც ხეხილს, ასევე მწვანილს, ერთწლიან და მრავალწლიან კულურებს და მცენარის განვითარებას აფერხებენ.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი აცხადებს, რომ ლოკოკინა მავნებელია, ანადგურებს მცენარის მწვანე მასას და ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას.
,,ლოკოკინების გამრავლება ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. ზოგადად პატარა ლოკოკინებს ჭამენ ფრინველები და თუ ამ ფრინველების რაოდენობა შემცირდა, რათქმაუნდა ლოკოკინების პოპულაცია იზრდება. რაც შეეხება მის მავნებლობას, ლოკოკინა ჩვეულებრივ ძოვს მწვანე მასას, ეს იქნება მწვანილი, სალათის ფოთოლი თუ სხვა. ის ასევე ყვავილებსაც ანადგურებს, რაც ხელს უშლის მერე მცენარის განვითარებას და სერიოზულ პრობლემებს უქმნის’’,- განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
მისი განმარტებით, წელს ლოკოკინების სიმრავლე სავარაუდოდ გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით და ასევე იმ ფრინველების რაოდენობის შემცირებით, რომლებიც ლოკოკინებით იკვებებოდნენ.
,,როცა ლოკოკინების პოპულაცია გაზრდილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრინველები, რომლებიც ამ ლოკოკინებით იკვებებოდნენ აღარ არიან. გარდა ამისა, ისინი ცივსისხლიანები არიან და არსებული კლიმატური ცვლილებები მათზე გავლენას ახდენს. მათი ძილის პერიოდი შემცირებულია, რადგან ყინვები ნაკლებია, თოვლი არ არის, წვიმები არ არის და ეს ხელს უწყობს მათ ინტენსიურ გამრავლებას. როდესაც კლიმატური ზონები ჩვეულებრივ დაცულია, ეს იქნება ტენიანობა თუ ტემპერატურული ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნაკლებია მათი პოპულაცია’’,- აღნიშნავს საუბრისას ირინე ფხოველიშვილი.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რომ ლოკოკინების წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ბინძურდება ნიადაგი. მისივე თქმით, სასურველია მათ წინააღმდეგ ბრძოლა მოხდეს მექანიკური გასუფთავებით.
,,სცივის დადგომასთან ერთად მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში რამე ქიმიური ნივთიერების შეტანას ჯობია ლოკოკინების მოსასპობად მცენარის მექანიკური გასუფთავება. ჯობია ისინი ხელით იქნეს მოშორებული’’,- აცხადებს ირინე.
როგორც ირინე ფხოველიშვილი აცხადებს, გარდა ლოკოკინებისა, ასევე წელს გაზრდილია თაგვების და გველების პოპულაცია. მავნებლები ზიანს აყენებენ როგორც მარცვლოვან კულტურებს, ასევე ხეხილს.
,,ბოლო პერიოდში ასევე გაზრდილია თაგვების და გველების რიცხვი. გასული ზამთარი თბილი იყო, წელსაც სითბოა და სწორედ ამან გამოიწვია მათი პოპულაციის გაზრდა. წარმოიდგინეთ ნოემბერში რომ გველი ისევ გარეთ გამოდის, როგორი ამინდი უნდა იყოს. ეს ერთგვარი პრობლემაა განსაკუთრებით მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერმერებისთვის. ნაკვეთები განადგურებულია თაგვების სოროებით. თავისთავად, კლიმატის ცვილების გამო ახალი მწერები და დაავადებები გაჩნდა. ამას ცალკე შესწავლა და მერე ბრძოლა სჭირდება. უარესს უნდა ველოდოთ და არა უკეთესს იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილება თავისთავად გამოიწვევს განსხვავებული მწერების გამოჩენას ჩვენს რეგიონში.’’