,,შირაქი” ნულოვანი თესვის მოდელზე გადადის
კომპანია ,,შირაქი” აგროწარმოებაში მიდგომას ცვლის და FAO- თან ერთად მუშაობს მოდელზე, რომელიც ქართულ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მოთხოვნადია.
„შირაქის” დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის განმარტებით, ეს არის No-Till-ის ტექნოლოგია, რაც გულისხმობს თესვას მიწის დამუშავების გარეშე.
„FAO- თან ერთად გავაფართოვეთ ნათესები და ვაგრძელებთ მუშაობას ნულოვანი თესვის ტექნოლოგიაზე. ეს ნიშნავს, რომ ვთესავთ მოუხნავად, ნიადაგის დაუმუშავებლად. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რასაც განვითარებული ქვეყნები ნერგავენ. ახალი ტექნოლოგიის ათვისება ხარჯების შემცირებასა და მოსავლიანობის ზრდაში დაგვეხმარება.
1 ჰექტარზე რამდენით გაიზრდება მოსავლიანობა, ვერ დავაკონკრეტებთ, ვინაიდან ეს მაჩვენებელი ყველა რეგიონისთვის ინდივიდუალურია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გვექნება ზრდა და ხარჯი შეგვიმცირდება.
ძალიან კარგი მეთოდია, სულ უფრო მეტი ფერმერი ერთვება კონსერვაციულ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ნულოვანი დამუშავების გარდა, მოიცავს მულჩირებას, კულტურათა მონაცვლეობას და თესლბრუნვას”, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
როგორც ის businessinsider.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის No-Till-ით 250 ჰექტარი მოცულობის მარცვლეული უკვე დათესილია და ეს მონაცემი წლიდან-წლამდე მოიმატებს.
ცნობისთვის, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი ეკომეგობრული პრაქტიკაა, რომელიც მოსავლიანობის გაზრდასა და წარმოების ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული გადაწყვეტა ასევე ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების მიმართ ფერმერთა მედეგობის გაზრდას.
ამ მეთოდის გამოყენება, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს და ეროზიას ამცირებს, ზღუდავს წყლის აორთქლებას და წყლის ზედმეტი დოზით გამოყენებას.
ამასთან, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დაახლოებით 30%-ით ამცირებს მექანიზაციისთვის საწვავის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ნახშირბადის ნაკლებ გამოყოფას განაპირობებს.