ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა იზრდება
ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სამჯერ იზრდება და 0.2 ლარის ნაცვლად, 0.6 ლარით განისაზღვრება.
“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
მათი განმარტებით, ქვიშა-ხრეშის სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სექტორში მოპოვება სტაბილურად 2%-ით იზრდება. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა.
“მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან ჯამურად დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას შესძლებენ. აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.