რამდენი ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერაა დამონტაჟებული კახეთის გზებზე
კახეთის რეგიონში, ყოველწლიურად იზრდება ავარიების რაოდენობა, იზრდება ასევე ავტოავარიების შედეგად დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიების და ზოგადად გზებზე, მოძრაობის წესების დარღვევის რაოდენობის შესამცირებლად, ყოველწლიურად საქართველოში არსებულ გზებზე, იზრდება განთავსებული ვიდეოკამერების რაოდენობა.
შსს-ს სტატისტიკური ინფორმაციით, 2021 წელს, კახეთის რეგიონიდან, მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 6 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა დამონტაჟდა. 2022 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდში კი ზოგადი ხედვის 6 ვიდეოკამერა დამონტაჟდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რაც შეეხება ნომრის ამომცნობ ვიდეო კამერებს, გასულ წელს გურჯაანში 2, ხოლო ლაგოდეხში 3 კამერა ამოქმედდა.
მთლიანად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში განთავსებულია ზოგადი ხედვის 325 და ნომრის ამომცნობი 145 ვიდეოკამერა. მთლიანობაში კი ეს ციფრი 470 კამერას მოიცავს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5439 ვიდეოკამერა, მათ შორის 1849 ნომრის ამომცნობი, ხოლო 3590 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე კი ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.