კახეთში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.