რატი ბრეგაძე- საქართველოში ყველა სახლს მისამართი ექნება, ახლად შექმნილია 354 927 მისამართი
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი, ახლად შექმნილი კი 354 927 მისამართია.
ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დავიწყეთ სისტემური დამისამართების პროექტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფლების 80 % იყო დაუმისამართებელი. ეს არის 30 წლის პრობლემა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო. ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა 354 927 მისამართი.
ალბათ, ყველანი ვხვდებით, რა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ამდენი ახალი მისამართი გაჩენილიყო. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. დღეის მდგომარეობით, ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და მისი მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ არც ქუჩას აქვს ნომერი, არც სახლს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტი და სოფელი იქნება დამისამართებული.
„პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა სახლს ექნება მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. აღმოიფხვრება პრობლემები, რომლებიც ხშირად არსებობს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით“,- განაცხადა მინისტრმა.