ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.