რა დარღვევები აღმოაჩინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აუდიტის სამსახურმა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები, დაზიანებული და გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ხელშეკრულების ცვლილებით გამოწვეული არაეკონომიური ხარჯი, წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზი, დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები, მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები, ავტოპარკის მართვის ხარვეზები, ქონების მართვა და განკარგვა ქონების მართვის ხარვეზები, იურიდიული პირების მართვის ხარვეზები, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები და სხვა საკითხები, რომლის მოსაგვარებლადაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა.
,,დაფიქსირდა ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 15% და 17% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ასევე მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,203.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. მუნიციპალიტეტმა ასევე დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 57.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
მერიაში ასევე არსებობს საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი. ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის შემოსავალი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, რომელიც წყლის გადასახადის ადმინისტრირებას კანონმდებლობის შეუსაბამოდ ახორციელებს. ასევე მუნიციპალიტეტის მიდგომა სატრანსპორტო ხარჯების მხრივ არარაციონალურია. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას.
ქონების მართვა და განკარგვა ქონების მართვის ხარვეზები – ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.
ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით; რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.
მუნიციპალიტეტი სოციალური დახმარებების დასაფინანსებლად შეუსაბამოდ იყენებდა სარეზერვო ფონდს. დახმარებები გაცემულია დახმარების პროგრამებისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე, რაც შეიცავს თანხების არასამართლიანი და არაეფექტიანი განაწილების რისკებს”, –აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხარვეზებით განხორციელდა.
,,2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად. აუდიტის ჯგუფმა მოწყობილი ობიექტები დაათვალიერა მერიის წარმომადგენლებთან ერთად. გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ობიექტი უფუნქციოა და მოსახლეობა ვერ იყენებს, მაგალითად: 2021 წელს სოფელ ვეჯინში ტურისტების მომსახურებისათვის მოეწყო ობიექტი, ღირებულებით −38.4 ათასი ლარი.
პროექტი გათვლილი იყო ტურისტების შესვენებისა და მომსახურებისათვის. ობიექტი არ ფუნქციონირებს–მისი ექსპლოატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტი გეგმავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, გადასახედის, მაგიდებისა და სკამები სმოწყობას; 2022 წელს სოფელ კოლაგში მოეწყოს კვერი, ღირებულებით−19.0 ათასი ლარი.22 ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლისაგან მოშორებით და მოსახლეობა მას ვერ იყენებს. ამ შემთხვევაში ობიექტების საჭიროებისა და დასაბუთების მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვის გამო, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 57.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 249 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 29,734.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი.
ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2022 წელს შეისყიდა ქალაქ გურჯაანში კოტეხის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ღირებულებით − 183.3 ათასი ლარი. გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1,020.1 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლების, სპორტისა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები”,- აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერიამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის გაწერისას გამოიყენოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
,,მერიამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ასევე უწყებამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; ამასთანავე, არ დაუშვას არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.
მერიამ უნდა დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით; ასევე მიზანშეწონილია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.
მერიამ საკრებულოსთან ერთად უნდა შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს და სხვა”.
აღნიშნულ დასკვნას და ამასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. უწყებამ კონკრეტულად, სოფელ კოლაგში, სკვერის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაავრცელა ინფორმაცია.
,,სოფელ კოლაგში მოწყობილ სკვერთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სკვერის და შინმოუსვლელთა მემორიალური დაფის მოწყობის სამუშაო განხორციელდა, რომელიც კოლაგის მოსახლეობამ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები: ეკალ- ბარდისგან გაიწმინდა ტერიტორია, მავთულ-ბადით შემოიღობა და მოეწყო ჭიშკარი; 40მ² მოეწყო ბეტონის ფილა და საფეხმავლო ბილიკები; ბორდიურით გამოიყო საფეხმავლო ბილიკები 40 მეტრის სიგრძის გზაზე; დაიდგა 2 ცალი ნარჩენების შესაგროვებელი ურნა; მოეწყო რკინა ბეტონის კედელი, რომელზეც განთავსდა მემორიალური დაფა და მოპირკეთდა დეკორატიული ფილით”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე უწყებამ მუშაობა დაიწყო.
,,სახელმწიფო აუდიტისგან მიღებული დასკვნის საფუძველზე გაიცა 9 რეკომენდაცია, რომლის შესრულების გეგმაზე აქტიურად მუშაობს მერია. მუშაობა მიმდინარეობს ელექტრონულ ფორმატში, რომლის მაკონტროლებელიც სახელმწიფო აუდიტთან ერთად არის საქართველოს პარლამენტი”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.