თელავის უნივერსიტეტში ტრენინგი, “ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება” გაიმართება
FLEX Alumni გრანტის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია MinDoor-ის მიერ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება ტრენინგი “ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება”.
შეხვედრას გახსნის კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს სტუდენტებს.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერული მიზნები, შეაფასონ საკუთარი რესურსები და დასახონ მიზნის მიღწევის საუკეთესო და თანამედროვე გზები.
ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლია თელავის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს. (იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/hWSJW1DZd1PqEWhP7)
ტრენინგის ორგანიზატორების თქმით, ინტერაქტიული ტრენინგი ჩატარდება 16 ნოემბერს, 13:30-16:30 საათის განმავლობაში თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ლინკზე კი რეგისტრაცია შესაძლებელია 13 ნოემბრის ჩათვლით.
,,ადგილები შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ტრენინგი თეორიულ ცოდნასთან ერთად დახუნძლული იქნება პრაქტიკული სახალისო აქტივობებით და სავარჯიშოებით, სადაც სტუდენტები სამომავლოდ გაწერენ თავიანთი განვითარების გეგმებსა და ამოცანებს, რასაც საუკეთესო მოსწრების მქონე ახალგაზრდები 6 თვიანი მენტორობის პროგრამით დაასრულებენ ამერიკის კურსდამთავრებულ სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად. FLEX Alumni-ები ნახევარი წლის მანძილზე პროფესიულ და კარიერულ მხარდაჭერას გაუწევენ შერჩეულ წარჩინებულ ახალგაზრდებს.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ისეთი უნარების განვითარება, რომელიც დასაქმების ბაზრისთვის აქტუალურია 21-ე საუკუნეში.”