თამბაქოს სადა შეფუთვის ნაწილობრივ გაადავადებაზე კანონი პირველი მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ. კანონპროექტს 74 მომხრე და 5 წინააღმდეგი ჰყავდა.
კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, შენარჩუნდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ, მინიმალიზებული იყოს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები.
„2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს და ეს შესაბამისად, გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, სწორედ აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საპარლამენტო ინიციატივას კიდევ ერთი ცვლილება ერთვის თან, საუბარია სადა შეფუთვის დატანისას კომპანიებისთვის იმ უფლების მიცემაზე, რომ სიგარეტზე ბრენდი უნიფიცირებული სახით, ქართულთან ერთად, ლათინური ანბანითაც იყოს დატანილი.