გურჯაანის მერიის თანამშრომლები ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავს ისხამდნენ – აუდიტი
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ფაქტობრივად იყენებდა მერის ბრძანებით დადგენილზე საშუალოდ 2 ერთეულით მეტ სამორიგეო ავტომანქანას.
მუნიციპალიტეტი საწვავს ასევე გასცემდა მოხელეების კერძო საკუთრებაში არსებულ 31-38 ერთეულ ავტომანქანაზე. კერძოდ, 2021-2022 წლებში კერძო ტრანსპორტზე გამოყენებულია, სულ − 44.6 ათასი ლიტრი საწვავი – ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის ანგარიშის შესახებ.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2021-2022 წლებში გამოვლინდა 5 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 8 შემთხვევა (იხ. დანართი №5). გარდა ამისა, გამოვლინდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 129 ფაქტი. ამ შემთხვევებში დახარჯულია 24.8 ათასი ლარის ღირებულების 9.9 ათასი ლიტრი საწვავი.
შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში კერძო ავტომობილების საწვავით გამართვის 30 შემთხვევა. ჯამში გახარჯულია 2.0 ათასი ლარის ღირებულების 730.0 ლიტრი საწვავი.
აუდიტი ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია: მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.