გურჯაანის მერიამ ფულადი ჯილდო ერთ წელში 137 თანამშრომელზე კანონდარღვევით გასცა – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
პროცესის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წელს 137 პირზე 20.1 ათასი ლარის ჯილდო გაცემულია კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: მუნიციპალიტეტს თითოეულ პირზე ჯილდოს სახით შეეძლო გაეცა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის არაუმეტეს 10%, რაც 130.5 ათას ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჯამურად გასცა 150.6 ათასი ლარი, რაც აღემატება დადგენილ ნორმას.
აუდიტი წერს, რომ მუნიციპალიტეტმა 2021 წელს ფულადი ჯილდო გასცა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ და ჯამში, 20.1 ათასი ლარით გადაამეტა კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.