ოქტომბერში საქართველოში საარსებო შემწეობა 627 691-მა ადამიანმა აიღო
2023 წლის ოქტომბერში საარსებო შემწეობა საქართველოს 627 691-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების თანახმად, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 8 078 ადამიანით შემცირდა.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდა ფიქსირდება 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით. კერძოდ, ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 204 874 ადამიანით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში 44 705 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 66 348 648 ლარი დაიხარჯა.